ეროვნული უმცირესობების საკითხზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის ვიზიტი ახალქალაქში

მიმდინარე წლის 8 დეკემბერს, ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (NIMD) და ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლესი კომისრის (HCNM) ერთობლივი პროექტის „ეროვნული უმცირესობების ჩართულობის გაძლიერება საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში“ ფარგლებში შექმნილი მრავალპარტიული სამუშაო ჯგუფი ახალქალაქს ეწვია. სამუშაო ვიზიტი სამცხე-ჯავახეთში, ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო და პოლიტიკური ინტეგრაციის კუთხით არსებული პრობლემების ანალიზსა და ვითარების გასაუმჯობესებლად საჭირო ნაბიჯების განხილვას ისახავდა მიზნად.
ნიმდის წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში, ლევან ცუცქირიძემ, დამსწრე აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით მიმართა, ისაუბრა პროექტის მიზნების შესახებ და დაგეგმილი აქტივობები მიმოიხილა. ეუთო-ს უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენლებმა, კაუპო კანდიმ და მიხეილ ანგერმანმა ხაზი გაუსვეს პროექტის უნიკალურობას – პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს საშუალება აქვთ, მრავალპარტიულ ფორმატში იმსჯელონ არსებულ პრობლემებზე და შიდა პარტიულად შეიმუშაონ სამოქმედო გეგმები ეროვნული უმცირესობების ჩართულობის გასაძლიერებლად.

პოლიტიკური პარტიების, ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების მონაწილეობით გამართულმა დისკუსიამ ახალქალაქში, ისე როგორც მარნეულში, რამდენიმე საკვანძო საკითხი გამოკვეთა, რაც ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო და პოლიტიკურ ინტეგრაციას აფერხებს. უმცირესობის წარმომადგენელი ქალების ორმაგი დისკრიმინაცია, ქართული ენის ცოდნის დაბალი დონე და პოლიტიკური პარტიების სუსტი წარმომადგენლობა ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში – ეს ის პრობლემატური თემების ჩამონათვალია, რაც მარნეულსა და ახალაქალში გამართულ დისკუსიებს აერთიანებს. მრავალპარტიული სამუშაო ჯგუფის მესამე ვიზიტი ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონში, 2015 წლის იანვარში გაიმართება. ჩატარებული სამი სამუშაო შეხვედრა მრავალპარტიულ ჯგუფს შეუქმნის შესაბამის ბაზას, ნიმდის დახმარებით დაგეგმოს სამომავლო სტრატეგია – უფრო კონკრეტულად, გამოკვეთოს პრობლემები და გაწეროს დეტალური დღის წესრიგი ეროვნული უმცირესობების პოლიტიკაში მონაწილეობის დონის ზრდის ხელშესაწყობად.

ეროვნული უმცირესობების თემაზე მომუშავე მრავალპარტიული სამუშაო ჯგუფი აერთიანებს პოლიტიკოსებს საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიებიდან: ქართული ოცნება, საქართველოს რესპუბლიკური პარტია, თავისუფალი დემოკრატები, საქართველოს კონსერვატიული პარტია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ახალი მემარჯვენეები, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა და საქართველოს ლეიბორისტული პარტია. მრავალპარტიული სამუშაო ჯგუფის მიზანს ეროვნული უმცირესობების საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის კუთხით არსებული პრობლემების ანალიზი და ვითარების გასაუმჯობესებლად სამოქმედო გეგმების შემუშავება წარმოადგენს.